სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მოსწავლის, ლადო ჭოღოშვილის წარმატებები დიდ ბრიტანეთში მისი Facebook გვერდიდან შევიტყვეთ.
„დღეს თემთა პალატამ დაამტკიცა დოკუმენტი, რომელზეც მთელი ოფისი ვმუშაობდით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში!!!
ძალიან მეამაყება ფაქტი, რომ თექვსმეტი წლის ასაკში ჩემი წვლილი მიმიძღვის ორი დოკუმენტის ჩამოყალიბებაში და შედგენაში, რომლებიც (აწ უკვე 100%-ით) შევა ძალაში 2020 წელს და შეცვლის ძალიან ბევრს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში.
მიხარია, რომ მომეცა შანსი მემუშავა ისეთი პოლიტიკოსისა და პიროვნების გვერდით, როგორიც ბატონი ოვენ პატირსონია (თემთა პალატის წევრი 1997-დღემდე).
მიხარია, რომ ამ კაცს იმდენად დააინტერესა საქართველო, ამ ზაფხულს ოჯახთან ერთად მეწვევა აგვისტოში 1 კვირით.
ალბათ, ერთი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ 29 მარტს ვიდგებოდი თემთა პალატის სხდომაზე და სიტყვით გამოვიდოდი 220 პოლიტიკოსის წინ, შემდეგ კი კმაყოფილი შევხედავდი მათ გაკვირვებულ სახეებს, ბატონმა პატირსონმა ჩემი ასაკის შესახებ რომ ამცნო სხდომის დამთავრების შემდეგ.
ალბათ იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ სხდომის შემდეგ, მილიარდიანი კომპანიის ,, American British Business Association”-ის CEO ჩემით დაინტერესდებოდა და სტაჟირებას შემომთავაზებდა თავის კომპანიაში.
ერთი სიტყვით, ეს იყო კვირა, რომელმაც მომცა უდიდესი გამოცდილება და უმაგრესი მოგონებები.“
სკოლა-ლიცეუმი კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს მას!