საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ დაძმობილების პროექტ “ტვინინგის” ფარგლებში, 2011 წლის 20-28 სექტემბერს თბილისის კერძო სკოლა–ლიცეუმი “მწიგნობართუხუცესი” მასპინძლობდა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოს კერძო გიმნაზია “ინტეგრას”.
შეთანხმებას მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გასული წლის დეკემბერში მოეწერახელი.
ურთიერთშეთანხმების ძირითადი მიმართულებებია:
1. მოსწავლეთა გაცვლითი სასწავლო პროგრამის განხორციელება
2. გამოცდილების გაზიარება სწავლა–სწავლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში
3. კულტურულ–შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარება
ჩვენი მიზანი იყო ჩვენი სკოლის მაგალითზე გვეჩვენებინა ჩეხი კოლეგებისთვის საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებო რეფორმის შედეგები და ერთობლივად გაგვეანალიზებინა ჩვენი მიღწევები. საგანმანათლებო რეფორმა დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკაშიც. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩეხი კოლეგების მოსაზრებები, მათი გამოცდილების გაზიარება, იდეების ურთიერთგაცვლა.
პროგრამის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ასევე საინტერესო იყო დაკვირვება ჩეხი და ქართველი მოსწავლეების ცოდნის დონესა და შესაძლებლობებზე. ჩვენ რამდენიმე მიმართულება ავირჩიეთ: უცხოური ენები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საზოგადოებრივი დისციპლინები, ხელოვნება და სპორტი.
საგაკვეთილო პროგრამა ჩეხი სტუმრებისთვის განხორციელდა შემდეგ დისციპლინებში:
საგაკვეთილო პროცესი ემსახურებოდა გამოცდილების ურთიერთგაზიარებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.
გაცვლითი პროგრამა სასწავლო ფორმატთან ერთად ითვალისწინებდა კულტურულ პროგრამასაც. ჩვენმა ჩეხმა სტუმრებმა დაათვალიერეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ისინი სტუმრობდნენ მცხეთას, ბათუმს, სადაც დაესწრნენ “ერისიონის” კონცერტს, დაათვალიერეს წინანდალში ალ. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი, ღვინის ქარხანა.
ჩეხ მოსწავლეებსა და პედაგოგებს მასპინძლობდნენ ქართველი მოსწავლეები და პედაგოგები, ამდენად პროგრამის განხორციელებამ არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით გამოიღო შედეგი, არამედ ხელი შეუწყო ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც, რაც ნამდვილად იქნება ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის წარმატების გარანტი.
პროგრამის მსვლელობისას განხორციელებული პროექტები და მუშაობის შედეგები შეჯამდა 28 სექტემბერს დასკვნით ღონისძიებაზე. პროექტები ვიდეო–კოლაჟის სახით იყო წარმოდგენილი, სადაც ასახული იყო პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპი.
პროექტის ფარგლებში, 2012 წლის გაზაფხულზე ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები გაემგზავრებიან.