2025 წლის 7 ნოემბერს სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მე-11 მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტერდისციპლინური პროექტი, რომელიც შეეხებოდა თანამედროვე სამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას — გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს.
ამ პროექტს წინ უძღოდა პროფესორ ზურაბ ჯანელიძის მეტად საინტერესო და ინფორმაციული ლექცია თემაზე — „კლიმატცვლილების გავლენა საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე“.
ბატონმა ზურაბმა მოსწავლეებს უამბო, თუ როგორ მოქმედებს ტემპერატურისა და ნალექების რაოდენობის ცვლილება საქართველოს უნიკალურ ეკოსისტემებზე, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროზე, ასევე ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ლექციამ დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია — ის გახდა შთაგონება შემდგომი პროექტისთვის.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გააღრმავებინა ცოდნა გარემოს დაცვის, ბუნებრივი ზონების ცვლილებისა და გლობალური კლიმატცვლილების შედეგების შესახებ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალმხრივი კვლევები, გრაფიკული მოდელირებები და თემატური პრეზენტაციები, რომლებშიც გამოიკვეთა როგორც გლობალური, ასევე საქართველოს მაგალითები — გვალვები_ კახეთში, მყინვარების დნობა_სვანეთში, შავი ზღვის სანაპიროს ეროზია და სხვა მნიშვნელოვანი პროცესები.
ეს პროექტი განსაკუთრებულად საინტერესოა საგნობრივი ინტეგრაციის კუთხით— მოსწავლეებმა გააერთიანეს სხვადასხვა დისციპლინა: გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ისტორია, მათემატიკა და ბიოლოგია. პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: გეოგრაფია_ცისანა კობახიძე, ფიზიკა_ლალი ხატიაშვილი, ისტორია-იოსებ პაპუაშვილი, მათემატიკა_მარინე ვერულაშვილი, ქიმია_ ცისანა ზარნაძე, ბიოლოგია_ თამარ ელისაშვილი.
სწორედ ამ ერთობლიობამ მისცა პროექტს სიღრმე და მრავალმხრივობა. მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოაჩინეს, რომ ცოდნა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საგნით — ყველა საგანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთად ქმნის სრულ სურათს სამყაროს შესახებ,რადგან მათი სინთეზი ავითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, კვლევით უნარებსა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. ეს არის გზა ინტელექტუალური, მრავალმხრივი და განათლებული თაობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მზად იქნება თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის.
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქვეჯგუფების საინტერესო ნაშრომები, მათ შორის:
- კლიმატის ცვლილების გავლენა ბუნებრივ ზონებსა და ლანდშაფტებზე;
- გლობალური დათბობის მათემატიკური მოდელირება;
- მზის ენერგიის გამოყენება საქართველოში;
- მჟავე წვიმების ზემოქმედება გარემოზე;
- პარიზის კლიმატის შეთანხმების მნიშვნელობა;
- დაავადებების გავრცელება კლიმატური ცვლილებების ფონზე.
პროექტი გამორჩეული იყო მოსწავლეთა ჩართულობით, პასუხისმგებლობითა და ინოვაციური ხედვით. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი წვლილი შეიტანა საერთო საქმეში — კვლევით მასალებში, ვიზუალურ პრეზენტაციებსა და ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით კვლევის ანალიზის მომზადებაში.მათი შრომა ნათლად წარმოაჩენდა, რომ ეკოლოგიური განათლება მხოლოდ ცოდნის შეძენა არ არის, არამედ ცნობიერების ამაღლება და მოქმედებისკენ მოწოდება. მოსწავლეებმა დაამტკიცეს, რომ ბუნებაზე ზრუნვა იწყება ცოდნით, გუნდური ერთობითა და პასუხისმგებლობით გარემოს წინაშე.
ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია!