სკოლა-ლიცეუმი ,,მწიგნობართუხუცესი“ ცდილობს მოსწავლეები გაანებივროს საინტერესო, განსაკუთრებული ღონისძიებებით, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას,არამედ მოტივაციის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული დღე იყო 2025 წლის 17 ოქტობერი, რომელიც დაგვამახსოვრდება თავისი შინაარსით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელი, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის ლექტორი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი,პროფესორი ზურაბ ჯანელიძე სტუმრად იმყოფებოდა სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცეში“, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე „საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნებები“, სადაც განხილული იყო ჩვენი ქვეყნის უნიკალური ლანდშაფტები_ მყინვარები, მყინვარული რელიეფის ტიპები, მყინვარული ტბები, ივრის ზეგანის ნახევარუდაბნოები, მღვიმეები,უფსკრულები, რელიეფის უცნაური ფორმები.
ბატონმა ზურაბმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს კლიმატურ და ლანდშაფტურ მრავალფეროვნებაზე და იმ ცვლილებებზე, რომლებიც გლობალური კლიმატცვლილების შედეგად შეინიშნება.
პრეზენტაცია გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო — დატვირთული საავტორო ფოტოებითა და მდიდარი ვიზუალური მასალით.
ლექციის განმავლობაში პროფესორმა ისაუბრა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზეც, რამაც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა ინტერდისციპლინური კავშირების მნიშვნელობა სხვადასხვა საგნებს შორის და საფუძველი ჩაეყარა ახალ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა აღნიშნული ლექცია.
ლექციას ესწრებოდნენ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, გეოგრაფიის მასწავლებლები და პროექტის ხელმძღვანელები — ცისანა კობახიძე და თინათინ ოთარაშვილი.
მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში, დასვეს საინტერესო კითხვები და გამოხატეს მაღალი ინტერესი გლობალური კლიმატცვლილებისა და საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნების მიმართ.
მადლობა ბატონ ზურაბ ჯანელიძეს შთამაგონებელ-შემეცნებითი და ამასთანავე, ინფორმაციული ლექციისთვის!